რუსული პრესის მიმოხილვა. 3 იანვარი, 2012

საახალწლოდ გამოსული გაზეთების დიდმა ნაწილმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ოპოზიციის მიერ 4 თებერვალს დანიშნული მიტინგის სამზადისს. „რა იქნება 4 თებერვალს?“ – ამ შეკითხვით მიმართავს „ნოვაია გაზეტას“ რედაქცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააქტიურებული და ძალამოკრებილი ოპოზიციის ლიდერებს. ირკვევა, რომ მოძრაობამ „სამართლიანი არჩევნებისათვის“ 4 თებერვალი საგანგებოდ შეარჩია. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის - ვლადიმირ რიჟკოვის - თქმით, 4 თებერვალი რუსეთის უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღია:

„სწორედ 1990 წლის 4 თებერვალს გაიმართა მილიონიანი დემონსტრაცია მოსკოვში და სწორედ მას შემდეგ გაუქმდა საბჭოთა კონსტიტუციის მექვსე მუხლი, რომელიც ხელისუფლებაზე კომუნისტური პარტიის მონოპოლიას აწესებდა“.

ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, მოძრაობა „სოლიდარობის“ თანათავმჯდომარე ილია იაშინიც დარწმუნებულია, რომ 4 თებერვალს იმდენად მასშტაბური აქცია გაიმართება, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება ოპოზიციასთან დიალოგზე წავიდეს და მხარეები ახალი კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებზე შეთანხმდნენ.

4 თებერვლის აქციას ეხმიანება „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ფურცლებზე ცნობილი რუსი პუბლიცისტი ნიკოლაი სვანიძე სტატიაში - „რა იქნება სახაროვის შემდეგ?“ ცნობილია, რომ სახაროვის გამზირზე გაიმართა რუსეთის ოპოზიციის უკანასკნელი მასშტაბური საპროტესტო აქცია. სვანიძის ანალიტიკური სტატია ორი პირობითი ნაწილისგან შედგება. პირველში ავტორი იმ მიზეზებს გამოკვეთს, რომლებმაც რუსეთი არსებულ ვითარებამდე მიიყვანა, მეორე ნაწილში კი მოვლენთა განვითარების შესაძლო გზებია მიმოხილული. ნიკოლაი სვანიძის თქმით, მმართველმა ელიტამ უამრავი შეცდომა დაუშვა, თუმცა მათ შორის ყველაზე არსებითი გამოდგა პუტინ-მედვედევის როქი და ამ უცნაურ სვლასთან დაკავშირებით გაკეთებული აღიარება, რომლის თანახმადაც, პრემიერმა და პრეზიდენტმა თანამდებობების გაცვლაზე ჯერ კიდევ 2008 წელს მოილაპარაკეს. ცხადი გახდა, რომ ხალხის ნაცვლად გადაწყვიტეს და აწი სულ მუდამ ასე იქნებოდაო, ამბობს ნიკოლაი სვანიძე, რომელსაც ოპტიმალურ გამოსავლად მიაჩნია ქუჩაში გასული საზოგადოების ლიდერებისა და ხელისუფლების დიალოგის დროული დაწყება.

საახალწლოდ გამოსული „იზვესტია“ კი მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს, რომელიც გაზეთის რედაქციამ მოსკოვში მყოფ ალა ჯიოევას, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის - პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ჩამოართვა. შარშანდელ ჩაშლილ არჩევნებში გამარჯვებული ჯიოევა არ მალავს, რომ მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან შესახვედრად იმყოფება. წერილები გავუგზავნე და ახლა პასუხებს ველოდებიო, უთქვამს „იზვესტიის“ რესპონდენტს, რომელიც 25 მარტისათვის დანიშნული განმეორებითი არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ შესაძლოა არჩევნების მონაწილეობის უფლება აღარ მისცენ. ერთადერთი, ვისაც ვითარების შეცვლა ხელეწიფება, ჯიევას თქმით, რუსეთის ხელისუფლებაა:

„მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება მომხდარიდან სერიოზულ დასკვნას გამოიტანს. რუსეთის მეგობარი - შეიძლება ითქვას, საიმედო -ქვეშევრდომი ხალხი, ვისი ნება-სურვილიც ასე უხეშად იქნა გათელილი, რეანიმირებას საჭიროებს“.

ალა ჯიოევას თქმით, თვითაღიარებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, ედუარდ კოკოითი, სავარაუდოდ, ახალ კანდიდატს წამოაყენებს. ეს შეიძლება იყოს თვითაღიარებული რესპუბლიკის ელჩი რუსეთში დმიტრი მედოევი ან გენპროკურორი თეიმურაზ ხუგაევი.