”ქართუს” სპეცოპერაციისას ჩამორთმეული თანხა დაუბრუნეს

ბანკი ”ქართუსთვის” გასული წლის 18 ოქტომბერს ჩამორთმეული თანხა მისსავე ანგარიშზე გადაირიცხა უნაღდო ანგარიშსწორების სახით, რაც გამორიცხავს მისი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს - ამის შესახებ საუბარია თბილისის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 10 იანვრითაა დათარიღებული. ამასთან, პროკურატურა აღნიშნავს, რომ საქმის გამოძიება კვლავ გრძელდება. 2011 წლის 18 ოქტომბერს შსს-ს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, თბილისში დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს ბანკი ”ქართუს” რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც ”საქართველოს ბანკიდან” ხელშეკრულების საფუძველზე მიჰქონდათ 2 მილიონი დოლარი და მილიონი ევრო. სამართალდამცავთა მოქმედება თავად ბანკმა პროვოკაციად და უკანონო მოქმედებად შეაფასა და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის დაწყების განზრახვას დაუკავშირა.