საქართველოს ნაკრები 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

სლოვენიაში მიმდინარე 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. „ა“ ჯგუფის ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ახალგაზრდებმა დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს ისლანდიის ნაკრებს (1:0) და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. გამარჯვების გოლი მატჩის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე გაიტანა დარციმელიამ. ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში გერმანიამ დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა საფრანგეთი და ასევე მოიპოვა ნახევარფინალში თამაშის უფლება. „ბ“ ჯგუფიდან საუკეთესოთა ოთხეულში გავიდნენ ჰოლანდია და პოლონეთი. 13 მაისს ლიუბლიანაში გაიმართება ნახევარფინალური შეხვედრები: გერმანია-პოლონეთი და საქართველო-ჰოლანდია. ფინალი 16 მაისისთვის არის დანიშნული.