ძლიერმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ კახეთის რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, გურჯაანსა და სოფელ ჯიმითში საცხოვრებელი სახლები, გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა. წყალდიდობამ გურჯაანის რაიონის სოფლების, კაჭრეთი-ჯიმითის დამაკავშირებელი ხიდი ჩაანგრია. ღვარცოფმა კი გურჯაანი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე, მეორადი გზებიდან ღორღი ჩამოიტანა, რამაც გურჯაანი-ბაკურციხის მონაკვეთზე ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდა. კახეთში ძლიერ წვიმას თან ქარიშხალი ერთვოდა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და რეგიონში 3 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. სტიქიის ზონაში, მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები, რომლებიც სპეციალური ტექნიკით, გზის გაწმენდით სამუშაობთან ერთად, დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ.