”ქართული ოცნება” 7 ივნისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქციას ვერ გამართავს

კოალიცია ”ქართული ოცნება” 7 ივნისს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქციას ვერ გამართავს. ადგილობრივი მერიის უარის მიზეზი დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ. მისი განცხადებით, ადგილობრივი მთავრობა ტელეკომპანია "რიონის" მეშვეობით 25 მაისიდან იუწყებოდა, რომ ქუთაისში 1 ივნისიდან 1 ივლისამდე დაგეგმილია ტრადიციული საზაფხულო ღონისძიებები და კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობენ თეატრალური დასები, საესტრადო შემსრულებლები და სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოსწავლეები. თოფურიძის თქმით, ”ქართული ოცნების” აქციის ორგანიზატორებს ალტერნატივის სახით წერილობით შესთავაზეს ქუთაისის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი, დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მანიფესტაციის გამართვის შესაძლებლობა ექნებათ.