ავღანეთში სპეცოპერაციების შედეგად მოკლეს 50-მდე თალიბი

ავღანეთიდან იუწყებიან, რომ ორშაბათი დილიდან მოყოლებული, 50-მდე სავარაუდო თალიბი მოკლეს რამდენიმე პროვინციაში მოწყობილი სპეცოპერაციების შედეგად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთობლივი ოპერაციებისას, რომლებშიც ავღანეთის ეროვნული არმია და ნატოს ძალები მონაწილეობდნენ, 30-მდე შეიარაღებული ექსტრემისტი დახოცეს ბაღლანის, ლოგარის, ღაზნის, ყანდაარისა და ზაბულის პროვინციებში. ხოლო ჰელმანდის პროვინციაში ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, რომ 20 თალიბი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც მოჰყვა თალიბანის მიერ მოწყობილ თავდასხმას. ამავე წყაროს ცნობით, შეტაკებაში დაიღუპა ორი ადგილობრივი ავღანელი პოლიციელი.