სერბიაში სოციალისტების ლიდერს დაევალა ახალი მთავრობის შექმნა

სერბიის პრეზიდენტმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა სოციალისტების ლიდერ ივიკა დაჩიჩს დაავალა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა. მოსალოდნელია კოალიციის შექმნა ნაციონალისტებთან - პროგრესულ პარტიასთან ერთად. შედეგად, სერბი სოციალისტები პირველად დაბრუნდებიან ხელისუფლების სათავეში ავტოკრატი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის შემდეგ. სერბიაში მაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა ერგო ორ პოლიტიკურ ძალას - პრეზიდენტ ნიკოლიჩის პროგრესულ პარტიას და ყოფილ პრეზიდენტ ბორის ტადიჩის დემოკრატიულ პარტიას. მაგრამ არც ერთს არ რგებია საკმარისი მხარდაჭერა პარტნიორების გარეშე მთავრობის შესაქმნელად. სოციალისტური პარტია, მოპოვებული ხმების რაოდენობით, მესამე ადგილზე გავიდა.