ლონდონში ბოდიშს იხდიან საფეხბურთო მატჩზე დროშის შერჩევისას დაშვებული შეცდომისთვის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ ბოდიში მოიხადეს შეცდომის გამო, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს იქნა დაშვებული. ოთხშაბათს, ჩრდილოეთ კორეისა და კოლუმბიის ქალთა საფეხბურთო გუნდებს შორის მატჩის დაწყებამდე, ჩრდილოეთ კორეის ნაცვლად სამხრეთ კორეის დროშა გამოიფინა. ორგანიზატორების ამ შეცდომის გამო ერთი საათით შეყოვნდა მატჩის დაწყება. ჩრდილოეთკორეელმა ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს. მოგვიანებით მათ კოლუმბიის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 2:0. კამერონის განცხადებით, ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ასეთი შეცდომა აღარ განმეორდეს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე. ოთხშაბათს ქალთა საფეხბურთო გუნდებს შორის სხვა მატჩებიც ჩატარდა. ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია 27 ივლისს გაიმართება.