სირიის ექს-პრემიერი: ასადის რეჟიმი ქვეყნის ტერიტორიის ერთ მესამედსაც ვერ აკონტროლებს

სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რიად ჰიჯაბის მტკიცებით, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ერთგული ჯარი სირიის ტერიტორიის 30 პროცენტს თუ აკონტროლებს. იორდანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე იქ გაქცეულმა და ოპოზიციის მხარეზე გადასულმა ჰიჯაბმა განაცხადა, რომ ასადის რეჟიმმა კრახი განიცადა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და მორალური თვალსაზრისით, და მისი დამხობა გარდაუვალია. ჰიჯაბმა მეამბოხეებს მოუწოდა, განაგრძონ შეიარაღებული ბრძოლა ასადის ჩამოგდების მიზნით. ამასობაში სირიის უდიდესი ქალაქებიდან, ალეპოსა და დამასკიდან მოდის ცნობები იმის შესახებ, რომ სამთავრობო ჯარი, ტანკებისა და ავიაციის მხარდაჭერით, აძლიერებს იერიშს მეამბოხეთა პოზიციებზე. დღეს საუდის არაბეთის ქალაქ მექაში იწყება ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიანი სამიტი, რომლის მონაწილეები განიხილავენ ამ ორგანიზაციაში სირიის წევრობის შეჩერების საკითხს.