ლიბანში მსხვერპლი მოჰყვა სირიის გამო შეტაკებებს

ლიბანში, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით კაცი დაიჭრა მეზობელი სირიის მმართველი რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების შედეგად. სირიის კრიზისი თებერვლიდან მოყოლებული იწვევს დაპირისპირებას ლიბანში, რომელსაც ემუქრება მის ტერიტორიაზე სირიის კონფლიქტის გავრცელების საფრთხე. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჩრდილოეთ ლიბანში მდებარე საპორტო ქალაქ ტრიპოლის მკვიდრ სუნიტებსა და მათ მოწინააღმდეგე ალავიტებს შორის წუხელ დაწყებული ურთიერთსროლა დღესაც გაგრძელდა, ქალაქში ჯარისკაცების განთავსების მიუხედავად. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი და მასთან დაახლოებული პირების უმრავლესობა ალავიტების - შიიტების ერთ-ერთი განშტოების - წარმომადგენლები არიან, ხოლო სირიაში უმრავლესობაში მყოფი სუნიტი მუსლიმები სათავეში უდგანან ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხებას.