ერაყის ვაჭრობის მინისტრი ირანს და თურქეთს წყლის თაობაზე აფრთხილებს

ერაყის ვაჭრობის მინისტრმა მეზობელი ირანი და თურქეთი გააფრთხილა არ უგულებელყონ ერაყში არსებული წყლის საჭიროება. რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ხაირალა ჰასან ბაბაკერმა განაცხადა, ირანმა 49 პატარა მდინარის დინება შეაჩერა ერაყისკენო - რასაც, მისი თქმით, ბევრ პროვინციაში მოჰყვა პრობლემები სოფლის მეურნეობისთვის. მინისტრის თქმით, ერაყის მთავრობამ გადაწყვიტა ხელი არ მოაწეროს თეირანთან ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას მანამ, სანამ წყალთან დაკავშირებული უთანხმოება გაირკვევა. მინისტრის განცხადებით, ერაყი უკვე წლებია თურქეთთანაც და ირანთანაც მსჯელობს წყლის მიწოდების საკითხზე - თუმცა შედეგი მიღწეული არ არის.