ავღანეთში ბავშვებისთვის თავის მოკვეთის ორი სხვადასხვა შემთხვევა მოხდა

ავღანეთის ოფიციალური პირები 12 წლის ბიჭისთვის და ექვსი წლის გოგონასთვის თავის მოკვეთის ორ სხვადასხვა შემთხვევაზე იუწყებიან. ყანდაარის პროვინციის პრეს-მდივნის ცნობით, ბიჭი ოთხშაბათს გაიტაცეს და მოკლეს პროვინციის სამხრეთში. მოკლული ბიჭის ძმა თალიბანის მოწინააღმდეგე ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფების წევრი იყო. თუმცა თალიბანის წარმომადგენელმა უარყო საქმესთან კავშირი. პარალელურად, აღმოსავლეთში მდებარე კაპისას პროვინციის პოლიცია იუწყება, რომ ხუთშაბათს ექვსი წლის გოგონას მოკვეთეს თავი. პოლიციის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი მკვლელობა თალიბანმა ჩაიდინა თუ გოგონას ოჯახმა. რამდენიმე დღის წინ ჰელმანდის პროვინციაში დახოცეს 17 ახალგაზრდა, რომლებიც წვეულებას ატარებდნენ. თალიბანმა იმ ინციდენტთანაც უარყო კავშირი.