ბაგრატის ტაძრის კურთხევას პრეზიდენტი და ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრნენ

დღეს ქუთაისში, აღდგენილი ბაგრატის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. საზეიმო წირვა აღავლინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც ბაგრატის ტაძრის კურთხევა აღდგომის დღესასწაულს შეადარა. ლიტურგიას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მან აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძარი ერთიანობის სიმბოლოა და მოწოდებით მიმართა ოპოზიციას: "მთავარ რაღაცაზე ჩვენ არ უნდა განვსხვავდებოდეთ: იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას არასოდეს არაფერზე არ გავცვლით, არასოდეს ჩვენს პიროვნულს არ დავაყენებთ ხალხის საერთო ინტერესებზე მაღლა და ვიმოძრავებთ ყველანი იმ დიდი გზით, რომელსაც ქვია საქართველოს გაძლიერება-გაერთიანება". აღდგენილი ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრო კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანიაც. მისი თქმით, დღეს ბაგრატის ტაძარში არის "დიდი ადამიანური სოლიდარობის გამოვლინება". ბაგრატის ტაძარი, რომლის აღდგენაც აზრთა მკვეთრ სხვაობას იწვევს, X-XI საუკუნეების ძეგლია. სპეციალისტთა ნაწილი ემხრობოდა ტაძრის შემორჩენილი ფორმით კონსერვაციას და არა თანამედროვე მეთოდებით მის აღდგენას.