სირიელი აქტივისტები იუწყებიან დამასკსა და ალეპოში ბრძოლის შესახებ

სირიელი აქტივისტები იუწყებიან დედაქალაქ დამსაკსა და ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოში შეტაკებების შესახებ. აქტივისტების მონაცემებით, მთავრობის ჯარები მიუახლოვდნენ დამასკის სამხრეთ გარეუბანს. ოფიციალური მედია იუწყება, რომ შეტაკებების დროს მოკლულია „ბევრი ტერორისტი“. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, რომელიც თურქი ოფიციალური პირის განცხადებაზე მითითებით ვრცელდება, სირიელმა მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს თურქეთთან საზღვრის მორიგ, რიგით მესამე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. დღესვე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეხი ჩავიდა სირიაში, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად. ირანი სირიის მმართველი რეჟიმის მოკავშირეა და, ზოგი ცნობით, მას იარაღს აწვდის. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას და, თავის მხრივ, დასავლეთსა და რეგიონის ზოგ ქვეყანას ადანაშაულებს სირიელი მეამბოხეებისათვის იარაღისა და ფინანსური დახმარების მიწოდებაში.