ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოდის თავშეკავებისაკენ მოწოდებით

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მისიის ხელმძღვანელი, ანჯეი ტიშკევიჩი მოუწოდებს "ყველა მხარეს", გამოიჩინონ თავშეკავება და უარი თქვან ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც, ტიშკევიჩის განცხადებით, შესაძლოა, პროვოკაციულად იქნეს აღქმული. "ამ რთულ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უარი თქვას ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციულად იქნას აღქმული", ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.