ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება” ლიდერობს

საპარლამენტო არჩევნებში ”ქართული ოცნება” ლიდერობს საზოგადოებრივი მაუწყებლის და რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების თანახმად. რუსთავი 2, რომელმაც ამომრჩეველთა გამოკითხვა კომპანია ”ედისონ რისერჩს” დაუკვეთა, იუწყება, რომ დღის 4-ის ნახევრის შედეგებით, კოალიცია ”ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა ხმების 51% აქვს, ნაციონალურ მოძრაობას - 41%, ქდმ-ს - 4% და ლეიბორისტულ პარტიას - 1%. შეკითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 35%-მა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა კომპანია GFK-მ. მისი ინფორმაციით, საღამოს 6-ის ნახევრის მდგომარეობით, ”ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა 35%-მა, ნაციონალურ მოძრაობას - 30%-მა და ქდმ-ს - 2,1%-მა. პასუხზე უარი თქვა 32%-მა.