თურქეთი „უფრო ძლიერი“ ზომით უპასუხებს სირიას, თუ დაბომბვა გაგრძელდა

თურქეთის არმია აპირებს „უფრო ძლიერი“ საპასუხო ოპერაციის განახორციელებას, თუ თურქეთის ტერიტორიაზე კვლავაც ჩავარდება სირიიდან გასროლილი ჭურვები. ამ შინაარსის განცხადება ოთხშაბათს გააკეთა თურქეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნეჩდევ ოზელმა დასახლებაში, სადაც გასულ კვირაში ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა სირიიდან დაბომბვის შედეგად. ამ ინციდენტის შემდეგ, რამდენჯერმე მოხდა ურთიერთსროლა სირია-თურქეთის სასაზღვრო რეგიონში. სამშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსს შემუშავებული აქვს ყველა საჭირო გეგმა თურქეთის დასაცავად, თუ ეს საჭირო გახდა.