აშშ: სირიასთან მიმართებით რუსეთი „მორალურად გაკოტრებულ“ პოლიტიკას ატარებს

ობამას ადმინისტრაციამ რუსეთი სირიის მიმართ „მორალურად გაკოტრებული“ პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი „ღრმად შეშფოთებულია“ , რომ მოსკოვი განაგრძობს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისთვის შეიარაღების მიწოდებას - რომელსაც შემდგომ ეს რეჟიმი მეამბოხეების წინააღმდეგ იყენებს. სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციის ფონია თურქეთის მიერ ოთხშაბათს, მოსკოვიდან დამასკში მიმავალი სირიული სამგზავრო თვითმფრინავისთვის გაცემული ბრძანება თურქეთში დაშვებულიყო. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით ასადის რეჟიმისთვის საბრძოლო შეიარაღების გადატანა ხდებოდა. პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, თვითმფრინავს სირიაში კანონიერად მიჰქონდა რუსული რადარის ნაწილებიო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ თვითმფრინავიდან „სერიოზული საბრძოლო შეიარაღება“ იქნა ამოღებული. დამასკსა და ანკარას შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც სირიამ საზღვრის მიღმა განახორციელა იერიში.