დამტკიცდა საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ. ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წაუდგინა დასამტკიცებლად. ახალ მთავრობას და სამოქმედო პროგრამას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციაში მყოფმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ უმცირესობაში აღმოჩნდა და არაერთხელ განაცხადა, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებში ფუნდამენტური უთანხმოება აქვს გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან და მის ლიდერთან. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ წელიწადნახევრის შემდეგ დატოვებს პოლიტიკას და საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს.