ადვოკატი: უკრაინის ყოფილ პრემიერ ლაზარენკოს გაანთავისუფლებენ

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პავლო ლაზარენკოს ამერიკელი ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს დღეს გაანთავისუფლებენ პატიმრობიდან. ეს ადვოკატმა დანიელ ჰოროვიცმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა. ლაზარენკო 8 წელზე მეტია პატიმარია. ის სასჯელს კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ციხეში იხდის. ლაზარენკო უკრაინის პრემიერ მინისტრი 1996-1997 წლებში იყო, შეერთებულ შტატებში კი 1999 წელს გაიქცა. ის 2004 წელს სცნეს დამნაშავედ ფულის გათეთრებაში, ფინანსურ მაქინაციებსა და გამოძალვაში. ლაზარენკო ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს მოკავშირეა. ის უკრაინაში ძებნილია - რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის ბრალდებები ფულის გათეთრებასა და რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობაში. როგორც ჰოროვიცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ ლაზარენკოს უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში ფიზიკური საფრთხე დაემუქრება.