იუწყებიან, რომ პავლო ლაზარენკო აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს

გავრცებული ცნობებით, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პავლო ლაზარენკო გაათავისუფლეს კალიფორნიაში განთავსებული ფედერალური ციხიდან, რვაწლიანი პატიმრობის შემდეგ. ამ ცნობას მედია ციხის ერთ-ერთი მუშაკის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე ლაზარენკოს ამერიკელმა ადვოკატმა, დანიელ ჰოროვიცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის კლიენტს ციხიდან დღეს გამოუშვებდნენ. ლაზარენკო უკრაინის პრემიერ მინისტრი 1996-1997 წლებში იყო, შეერთებულ შტატებში კი 1999 წელს გაიქცა. ის 2004 წელს სცნეს დამნაშავედ ფულის გათეთრებაში, ფინანსურ მაქინაციებსა და გამოძალვაში. ლაზარენკო ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს მოკავშირეა. ის უკრაინაში ძებნილია - რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის ბრალდებები ფულის გათეთრებასა და რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობაში. როგორც ჰოროვიცმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ ლაზარენკოს უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში ფიზიკური საფრთხე დაემუქრება.