ჰამასის ლიდერი ეგვიპტეშია

პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი, ხალედ მეშაალი ეგვიპტეშია და შეხვედრებს მართავს ღაზის სექტორის გარშემო ისრაელთან კონფლიქტის შესახებ. გავრცელებული ცნობით, მეშაალი უნდა შეხვდეს ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს და თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოანს. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ისრაელმა პასუხი უნდა აგოს ღაზაში მოწყობილი „ხოცვა-ჟლეტის“ გამო. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ღაზაში ისრაელის მიერ მოწყობილ საჰაერო იერიშებს ათობით პალიესტინელი შეეწირა. ვაშინგტონში, თეთრი სახლი ღაზის ძალადობის „დე-ესკალაციის“ მოწოდებით გამოვიდა - თუმცა თან მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას. ვაშინგტონში პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა შეერთებული შტატების რეაქცია გააკრიტიკეს - მას „მიკერძოებული და სუსტი“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ესკალაცია ისრაელმა გამოიწვია ოთხშაბათს განხორციელებული საჰაერო იერიშით, რასაც ჰამასის სამხედრო ლიდერის, აჰმედ ალ-ჯააბარის სიკვდილი მოჰყვა. ძალადობას სულ 40-მდე პალესტინელი და სამი ისრაელელი შეეწირა.