საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯორჯ სოროსს შეხვდა

თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის, "სოროსის ფონდის" დამფუძნებელთან, ჯორჯ სოროსთან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ჯორჯ სოროსი პარასკევს ჩავიდა საქართველოში და გამოთქვა საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლიდერთან შეხვედრის სურვილი. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა ისაუბრეს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე. გარდა ამისა, დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრიც დაესწრება.