ეგვიპტის პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

ეგვიპტის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ისლამისტი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი კაიროში, პრეზიდენტის სასახლესთან. აქციის მონაწილეების პროტესტს იწვევს მურსის მიერ საკუთარი ძალაუფლების გაზრდა და ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ეგვიპტეში რეფერენდუმზე გაიტანენ 15 დეკემბერს. პრეზიდენტთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მურსი სასახლეში იმყოფებოდა, მაგრამ შენობა დატოვა, როცა ბევრი ხალხი შეემატა დემონსტრაციას. იუწყებიან აგრეთვე, რომ 10 000-მდე დემონსტრანტი შეიკრება ზღვისპირა ქალაქ ალექსანდრიაში და სოჰაგის პროვინციაში.