თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით ხუთი პოლიციელი მოხსნეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი. თენგიზ გუნავა - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი - წელს ნოემბერში იქნა დაკავებული იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით, რის შემდეგაც მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ უდანაშაულოა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება გუნავას საქმესთან დაკავშირებით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხუთი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ.