ირანსა და ისრაელში სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრად ჰეიგელის ნომინირებას

ირანის საგარეო უწყება გამოთქვამს იმედს, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფილი სენატორის, ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურის წარდგენას მოჰყვება თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება. ირანის საგარეო უწყების პრესმდივნის, რამინ მეჰმანპარასტის თქმით, თეირანი იმედოვნებს, რომ ცვლილებები მოხდება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში. პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურის წარდგენას განსხვავებული რეაქცია მოჰყვა ისრაელში: პარლამენტის პრესმდივნის, რეუვენ რივლინის თქმით, ჰეიგელის ნომინირება ისრაელში შეშფოთებას იწვევს. ჩაკ ჰეიგელი, რომლის კანდიდატურაც ორშაბათს წარმოადგინა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ცნობილია ისრაელის მიმართ კრიტიკული პოზიციით და ირანთან დიალოგის მხარდაჭერით. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გავლენიანი კონგრესმენები არ მალავენ უკმაყოფილებას ჰეიგელის კანდიდატურის შერჩევით, რაც მოასწავებს მწვავე დისკუსიებს შეერთებული შტატების სენატში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ამ კანდიდატურის განხილვისას.