ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ვახტანგ კაპანაძე და ლევან დოლიძე

ნატოს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე. სამდღიანი ვიზიტისას ისინი შეხვდებიან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის, ალიანსის სხვა მაღალჩინოსნებს და ნატოში ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და რუმინეთის ელჩებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შეფასებაშიც.