ვანო მერაბიშვილი აკრიტიკებს მთავრობის მუშობის პირველ 100 დღეს

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციას. მერაბიშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პრემიერ-მინისტრს თავისი მმართველობის 100 დღე შეეფასებინა, მან სამსაათიანი გამოსვლის 90% დაუთმო „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ მერაბიშვილმა სცადა, თვითონ შეეფასებინა მთავრობის ასდღიანი მუშაობა: „ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ეს არის ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე და იმ ფონზე, როცა მან ციხიდან გამოუშვა ჩახალიანი, ტერორისტები, მეამბოხეები, კრიმინალები - ამის პარალელურად იგი ახორციელებს არნახულ რეპრესიებს საქართველოში“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, რომლის თქმითაც, ერთადერთი, რაც საქართველოში გაიაფადა, არის ნარკოტიკები. იქვე მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, შეწყდეს რიგითი პოლიციელებისა და სოცაგენტების დაკითხვა პოლიციის შენობების აგებაზე და სხვა პროექტებზე, რადგან ამ საკითხების შესახებ ყველაზე მეტი თვითონ მერაბიშვილმა იცის და ის მზად არის, ყველა შეკითხვას უპასუხოს.