ალმა-ათაში გარღვევის გარეშე დასრულდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო მოლაპარაკების პირველი დღე. შეხვედრის მონაწილეები - ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლები - შეთანხმდნენ, რომ ოთხშაბათს განაახლებენ შეხვედრას. დღევანდელ მოლაპარაკებას „სასარგებლო“ უწოდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიკლ მენმა. ეშტონი კოორდინაციას უწევს ირანთან კონტაქტს ამ ქვეყანასთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილე ქვეყნების - შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთისა და გერმანიის - დავალებით. ალმა-ათაში მოლაპარაკება პირველად იმართება მას შემდეგ, რაც რვა თვის წინ წარუმატებლად დასრულდა მოსკოვში ჩატარებული შეხვედრა. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.