რუსეთში 11 მარტს დაიწყება მაგნიტსკისა და ბრაუდერის საქმის არსებითი განხილვა

მოსკოვში სასამართლომ 11 მარტისათვის დანიშნა სერგეი მაგნიტსკისა და უილიამ ბრაუდერის საქმის არსებითი განხილვა. მაგნიტსკის, რომელიც ფონდ „ჰერმიტიჯ კაპიტალის“ იურისტი იყო, სიკვდილის შემდეგ ასამართლებენ, მისი დედისა და ქვრივის წინააღმდეგობის მიუხედავად. ხოლო ბრაუდერს, ამავე ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ასამართლებენ დაუსწრებლად, რადგან ბრიტანეთი, რომლის მოქალაქეც არის ბრაუდერი, უარს ამბობს რუსეთთან ამ საკითხში თანამშრომლობაზე. მაგნიტსკისა და ბრაუდერს ბრალად ედებათ თავის არიდება ნახევარ მილიარდამდე რუბლის ოდენობის გადასახადებისათვის. სწორედ ამ საქმის გამოძიებისას იქნა დაკავებული მაგნიტსკი, რომელიც მოგვიანებით, 2009 წლის 16 ნოემბერს, საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.