გაეროს მშვიდობისდამცველთა ჯგუფი სირიიდან იორდანიაში გადავიდა

ცნობების თანახმად, სირიიდან იორდანიის ტერიტორიაზე გადავიდნენ გაეროს მშვიდობისდამცველები, რომლებიც ოთხი დღის წინ შეიპყრეს სირიელმა მეამბოხეებმა. ეს ინფორმაცია, უწინარეს ყოვლისა, მეამბოხეების წყაროებზე მითითებით ვრცელდება და ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. გაეროს 21 მშვიდობისდამცველი (21-ვე ფილიპინელია) ოთხშაბათს შეიპყრეს სირიელმა მეამბოხეებმა, რომლებიც მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვდნენ რეგიონიდან სირიის მთავრობის ჯარების გასვლას. მძევლები დაკავებული ჰყავდათ სოფელ ჯამლაში, ისრაელის მიერ კონტროლირებულ გოლანის მაღლობებთან. მათ შეპყრობაზე პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს „იარმუკის მოწამეებს“. ლონდონში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ შაბათს გაავრცელა ცნობა, რომ მშვიდობისდამცველები იორდანიის საზღვართან მიიყვანეს, იორდანელი ოფიციალური პირებისათვის მათ გადასაცემად. გაეროს სამშვიდობო ძალები 1974 წლიდან მეთვალყურეობენ სირია-ისრაელის ზავს გოლანის მაღლობებზე.