პაკისტანისა და ირანის პრეზიდენტები გაზსადენის მშენებლობის დაწყებას აღნიშნავენ

პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი და ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დღეს დაესწრებიან ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიას. მომავალში ამ გაზსადენით ირანიდან გაზი მიეწოდება პაკისტანს. ირანმა უკვე ააშენა მილსადენის მის ტერიტორიაზე დაგეგმილი მონაკვეთი. თუმცა, პაკისტანი აყოვნებდა თავისი ნაწილის აშენებას ვაშინგტონიდან ზეწოლის გამო. გასულ კვირაში ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიციის მიუხედავად, პაკისტანი განახორციელებს დიდი ხნით შეჩერებულ პროექტს. გასულ თვეში ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამანეიმ ზარდარის ურჩია აშშ–ის პოზიციის უგულებელყოფა და განუცხადა, რომ ირანი პაკისტანისთვის ენერგორესურსების ერთადერთი სანდო წყაროა. აშშ–მა გააფრთხილა პაკისტანი, არ განახორციელოს პროექტი, რადგან ეს ქმედება შესაძლოა, სანქციებით დასრულდეს.