ავღანეთის აღმოსავლეთში შეტაკებებს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა ავღანეთის აღმოსავლეთში, პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე კუნარის პროვინციაში შაბათს მომხდარ შეტაკებებს. როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, დაღუპულებს შორის 11 ბავშვი და სულ მცირე ექვსი ქალია - ისევე, როგორც ამერიკელი სამოქალაქო მრჩეველი და თალიბანის 8 წევრი. როგორც იუწყებიან, თალიბანმა ამერიკელ და ავღანელ სამხედროებზე იერიში შელტანის ხეობაში განთავსებული საცხოვრებელი სახლებიდან მიიტანა. გავრცელებული ცნობებით, სამოქალაქო პირები და თალიბანის მებრძოლები მაშინ დაიხოცნენ, როცა ბრძოლაში ნატოს საჰაერო ძალები ჩაერთნენ. აშშ-ის სამხედრო ძალების პრეს-მდივანმა, პოლკოვნიკმა ტომას კოლინსმა დაადასტურა, რომ დაღუპულია ამერიკელი სამოქალაქო მრჩეველი და რომ შეტაკებაში ნატოს საჰაერო ძალებს მოუხმეს.