ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართა სხდომა თეტჩერისათვის პატივის მისაგებად

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა დღეს „გამორჩეულ ლიდერად“ მოიხსენია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ თეტჩერი, რომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც დღეს საგანგებო სხდომა გაიმართა ბრიტანეთის პარლამენტში. კამერონმა - კონსერვატიული პარტიის ლიდერმა - გამოთქვა შეფასება, რომ თეტჩერმა ბრიტანეთს „დიდება დაუბრუნა“. პარლამენტის სხდომაზე მოუსმინეს ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, ედ მილიბენდსაც. მანაც გამორჩეულ პიროვნებად მოიხსენია მარგარეტ თეტჩერი, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა ბევრ რამეს, რასაც თეტჩერი აკეთებდა. მარგარეტ თეტჩერი 1979-1990 წლებში ედგა სათავეში ბრიტანეთის მთავრობას. ის ორშაბათს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.