ლონდონში მიმდინარეობს მარგარეტ თეტჩერის დაკრძალვის ცერემონია

ლონდონში მიმდინარეობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ თეტჩერის დაკრძალვის ცერემონია. მას ესწრებიან დედოფალი ელისაბედი და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები „რკინის ლედის“ ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. თეტჩერი, რომელიც დღემდე რჩება ბრიტანეთის ერთადერთ პრემიერ-მინისტრ ქალად, 1979-1990 წლებში ხელმძღვანელობდა მთავრობის მუშაობას. თეტჩერის კუბო ცხენშებმული ეტლით გადაასვენეს ლონდონის ქუჩების გავლით წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში, სადაც პანაშვიდი იმართება. თეტჩერი 8 აპრილს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბევრი აღიარებს მის დამსახურებებს ბრიტანეთის ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და კომუნისტურ სისტემასთან დაპირისპირებაში, მაგრამ მას ჰყავს კრიტიკოსებიც, რომლებიც მიუთითებენ თეტჩერის პოლიტიკის მძიმე სოციალურ შედეგებზე.