დაღესტნის ხელმძღვანელს ამიერიდან რესპუბლიკის პარლამენტი აირჩევს

დაღესტნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რესპუბლიკის ხელმძღვანელის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას. ხუთშაბათს გამართული კენჭისყრისას, 74 დეპუტატი მიემხრო წინადადებას, რომ პარლამენტს მიენიჭოს დაღესტნის ლიდერის არჩევის უფლებამოსილება. წინააღმდეგი იყო ცხრა დეპუტატი, თავი შეიკავა სამმა. ამჟამად რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია რამზან აბდულატიპოვი, რომელიც იანვარში დანიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ხოლო მიმდინარე თვეში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონების პარლამენტებს აძლევს უფლებას, თვითონ აირჩიონ რეგიონის ლიდერები, პირდაპირი არჩევნების ჩატარების ნაცვლად.