მასაჩუსეტსში წუთიერი დუმილით აღნიშნავენ 15 აპრილის აფეთქებებიდან ერთ კვირას

ბოსტონსა და მასაჩუსეტსის შტატის სხვა ქალაქებში დღეს წუთიერი დუმილით აღნიშნავენ ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი აფეთქებებიდან ერთი კვირის თავს. 15 აპრილს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა. აფეთქებების მოწყობაში ერთი ეჭვნიტანილი - ტამერლან ცარნაევი ხუთშაბათს ღამით პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. მეორე ეჭვმიტანილი - ტამერლანის უმცროსი ძმა ჯოხარ ცარნაევი კი პარასკევს ღამით ბოსტონის გარეუბანში დააკავეს. ის დაჭრილი იყო და საავადმყოფოშია მოთავსებული. ჯოხარ ცარნაევს ლაპარაკი არ შეუძლია - ის ყელის არეშია დაჭრილი. მის მიმართ ბრალდება მომზადებულია. ბოსტონის პოლიციის წარმომადგენელმა კვირას განაცხადა, რომ ძმებს საკმარისი იარაღი ჰქონდათ იმისთვის, რომ კიდევ დაეგეგმათ თავდასხმები.