პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მისი განმარტებით, 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ მედიასაშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ”ზურაბ ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ასოციაციის შეფასებით, მსგავსი განცხადებით პრეზიდენტი ზურაბ ვაზაგაშვილს აბრალებს დანაშაულს, მაგრამ მის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს გამოძიებით დადგენილ ფაქტებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ის გარემოება ჩაიდინა თუ არა რომელიმე პირმა სისხლის სამართლის დანაშაული, შესაძლოა დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ასოციაციის ცნობითვე, პრეზიდენტის მტკიცება, რომ „ვაზაგაშვილს 2 ავტომატი ჰქონდა და მიდიოდა სხვების დასახოცად“, გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს არ ეფუძნება. ”ასევე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს და პრეზიდენტის მსგავსი გამონათქვამები შესაძლოა, გამომძიებლების მიერ აღიქმებოდეს გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლად”, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დღევანდელ განცხადებაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გარდა, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა, თუ რა სიმძიმის მორალურ ზიანს მიაყენებდა გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს. სწორედ მათი მიმართვის საფუძველზე საია სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, პრეზიდენტის მიერ ზურაბ ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე.