დღეს სასამართლო იმსჯელებს გელა ხვედელიძის საქმეზე

დღეს სასამართლო იმსჯელებს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, პროცესი დღეს, 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული. ამ ცნობის თანახმად, პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს დააკავა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პირადი საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს. 157-ე მუხლის მეორე ნაწილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
გელა ხვედელიძეს ბრალად ედება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა დაახლოებით ორი კვირის წინ.