ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობას სთავაზობს საპარლამენტო უმრავლესობას

რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს. დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიდი განსხვავებისა, ქვეყანაში უნდა არსებობდეს თემები, რომელთა მიმართ ყველა პოლიტიკოსს შეუძლია ერთნაირი პოზიცია ჰქონდეს და სწორედ ასეთ თემებს განეკუთვნება დეოკუპაცია და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. ”ერთი მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ურთიერთობის ნორმალიზებას, მეორე მხრივ კი უნდა გავაგებინოთ რუსეთს, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოტანა და ზოგადად მისი არსებობა მიუღებელია მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის”, - აღნიშნა ბაქრაძემ. მან საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზა მიიღონ ერთობლივი რეზოლუცია-მიმართვა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების მიმართ.