საქართველოში ტერაქტში ეჭვმიტანილი კადიევისა და ომაროვის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერაქტის მზადებაში ბრალდებულების მიკაელ კადიევისა და რიზვან ომაროვის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამრთლო პროცესი დაიწყო. ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად, ეჭვმიტანილები 13 ივნისს, გამთენიისას დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი დროებითი საცხოვრებლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტრო-დეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს. გამოძიების ცნობით, ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს 2011 წლიდან აფარებდა თავს, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. კადიევის ახლობლები, რომლებიც დაღესტნიდან თბილისში ჩამოვიდნენ აცხადებენ, რომ მათ ტერორიზმთან არანაირი კავშირი არა აქვს და ის ბრალდება, რომლის შესახებაც გავრცელდა, მისთვის უსამართლოდ არის წარდგენილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული.