თურქეთის პოლიცია კვლავ ცდილობს ტაქსიმის მოედნის გაწმენდას

თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის გაფრთხილების შემდეგ, პოლიციამ სტამბულში კვლავ დაიწყო ტაქსიმის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისაგან გაწმენდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია აქციის დასაშლელად ცრემლმდენ აირსა და წყლის ჭავლს იყენებს. პოლიციის ნაწილებმა მოქმედება დაიწყეს შაბათს, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ერდოანმა მოუწოდა დემონსტრანტებს „დაეტოვებინათ ტაქსიმი.“ ვიდრე პოლიციის ძალები მასის დაშლის ოპერაციას დაიწყებდნენ, ევროპის ლიდერების მოწოდებით, ერდოანი შეხვდა ოპოზიციურად განწყობილი დემონსტრანტების ლიდერებს. თუცა, ამ შეხვედრამ მიზანს ვერ მიაღწია მას შემდეგ, რაც ტაქსიმის მოედანზე მყოფებმა განაცხადეს, რომ ხალხი, რომლებიც პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ, არ იყვნენ მათი წარმომადგენლები.