ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალები დიპლომატებს გააცნოს

საქართველოს შს-თა მინისტრი აპირებს დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს სამეგრელოს რეგიონში სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალები. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან საინფორმაციო სააგენტოებს აცნობეს, რომ ამ მიზნით ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ მედიისთვის დახურული ფორმატით შეხვდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, შემდგომ დღეებში კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს. შსს-მ 17 ივნისს განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სპეციალურ სამალავებში ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების გარდა ნაპოვნია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემთა არქივი და ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის, ცემისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალები.