დავით უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს ტერიტორიაზე ეუთოს მისიის აღდგენა

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო მოქმედებებსა და ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრა ეუთოში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, სენატორ როჯერ უიკერს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტ რობერტ ადერჰოლტს. შეხვედრა სტამბოლში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა. დავით უსუფაშვილმა აშშ-ის დელეგაციას გააცნო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეფორმები და სენატორ როჯერ უიკერსი ოფიციალური ვიზიტით თბილისში მიიწვია. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის დელეგაციის წევრებმა გამოხატეს საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა ქვეყანას დემოკრატიული განვითარების პროცესში დაეხმარონ. დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები სტამბოლში შეხვდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის, ლიტვის და მონტენეგროს დელეგაციების ხელმძღვანელებსაც.