ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი გადააყენა

ეგვიპტის არმიამ კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და გამოაცხადა ზომები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. არმიის დღევანდელი განცხადებით ბოლო მოეღო პრეზიდენტის პოსტზე მოჰამად მურსის ყოფნას მილიონობით ეგვიპტელის რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ისლამისტების მთავრობის მოქმედების გამო და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ. ეგვიპტის არმიის სარდლის, გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-სისის განცხადებით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ენიჭება პრეზიდენტის ბრძანებულებების მიღების უფლებამოსილება და ქვეყანას ექსპერტების მთავრობა უხელმძღვანელებს. არაფერი თქმულა იმაზე, თუ როდისთვის ინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.