ნაციონალური მოძრაობა დააკვირდება ბედუკაძის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

ნაციონალური მოძრაობა აპირებს დააკვირდეს, მოხდება თუ არა ბედუკაძის საქმის გადასინჯვა და დადგება თუ არა მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილმა. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება დადებითი და შინაარსობრივად სწორია, რისკენაც მას უბიძგა საზოგადოების ზეწოლამ და მედიის აქტიურობამ. ”მაგრამ ერთი საკითხია რას ამბობს პრემიერი და მეორე, რა ტიპის ქმედებები მოჰყვება ამას”, - განაცხადა ნადირაშვილმა. მისივე თქმით, იმ დროს, როცა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მიიღო ვლადიმერ ბედუკაძესთან საპროცესო შეთანხმების გადაწყვეტილება, საპროკურორო უფლებამოსილებით ჯერ კიდევ სარგებლობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც.