ჟურნალ „როლინგ სტოუნს“ ჯოხარ ცარნაევის ფოტოს გამოქვეყნებისთვის აკრიტიკებენ

ინტერნეტის მომხმარებელთა რისხვა დაატყდა თავს ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ პირველ გვერდზე ჯოხარ ცარნაევის, ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი მთავარი სავარაუდო ორგანიზატორის ფოტოს გამოქვეყნებას. ათასობით ადმიანმა სოციალურ ქსელებში „უგემოვნო“ და „ამაზრზენი“ უწოდა ჟურნალის პუბლიკაციას. 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის ფინიშზე მოეწყო აფეთქებები, რომელთა შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაიჭრა. თავდასხმასთან დაკავშირებით აშშ-ის მოქალაქეს, 19 წლის ეთნიკურ ჩეჩენ ჯოხარ ცარნაევს წაუყენეს ბრალდება 30 მუხლით - მათ შორის არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მუხლი. ცარნაევის ფოტო, რომელიც ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ გამოაქვეყნა, ინტერნეტით თავად ცარნაევმა გაავრცელა. აღნიშნული ფოტო, გაზეთმა „ნიუ იორკ ტაიმსმაც“ დაბეჭდა.