ბეირუთში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, აფეთქებას 20 პირი ემსხვერპლა, 120 დაშავდა. ბევრი ადამიანი ვერ ახერხებდა დაზიანებული შენობებიდან გამოსვლას. როგორც პოლიცია იტყობინება, დანაღმული მანქანის აფეთქების გამო ცეცხლი წაეკიდა იქვე მდგომ მანქანებს. შემთხვევა მოხდა ქალაქის სამხრეთში, სადაც შიიტური დაჯგუფება, ჰიზბოლა, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრე ორგანიზაციაა გამაგრებული. პასუხისმგებლობა მომხდარზე დღემდე უცნობმა სირიულმა გაერთიანებამ იკისრა. ლიბანში შიდა დაპირისპირებები გაძლიერდა მას მერე, რაც ჰიზბოლამ მხარდაჭერა გამოუცხადა სირიის მთავრობას, პრეზიდენტ ასადს, რომელიც შიიტურ მიმდინარეობას, ალავიტებს მიეკუთვნება. ლიბანელი სუნიტები სირიელ მეამბოხეებს, ასევე სუნიტებს, ხოლო სირიის მთავრობას შიიტები ემხრობიან.