გენადი ონიშჩენკო თანამდებობას ტოვებს

რუსეთის სანიტარიული სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი, გენადი ონიშჩენკო თანამდებობას ტოვებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს განაცხადა ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა. ონიშჩენკოს მისი მოადგილე, ანა პოპოვა შეცვლის „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის პოსტზე. ამ თანამდებობაზე ონიშჩენკოს ბევრჯერ აქვს გაკეთებული ორიგინალური განცხადებები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოდან სასმელის და საკვები პროდუქტის იმპორტის თაობაზე. „ყურძენი რომ შემოჰქონდეთ, მე თვითონ გადმოვიტანდი საზღვარზე, მაგრამ ისინი ყურძენს აფუჭებენ, ღვინოდ აქცევენ“ - ეს მოსაზრება გამოთქვა ონიშჩენკომ რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის საკითხზე ერთ-ერთი გამოსვლისას.