მიხეილ სააკაშვილი არ გაემგზავრება ვილნიუსის სამიტზე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გაემგზავრება ვილნიუსში, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე. ჟურნალისტის შეკითხვას, წავა თუ არა ის ვილნიუსის სამიტზე, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს მისი ფუნქცია არ იქნება და ვილნიუსის სამიტზე საქართველოს, ალბათ, ახალი პრეზიდენტი გაემგზავრება. არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკვე მიიღო ოფიციალური მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, სადაც ის საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს. ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 28-29 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართება, საქართველო მოელის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას.